სტრასბურგმა მამუკა ხაზარაძის საჩივარი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლო "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის საჩივარი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ზვიად კორძაძე ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს.
ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.
ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში"- წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, საქმე ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც "მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო”.
"ლელოს" ლიდერი თავიდანვე აცხადებდა, რომ კობახიძის ბრალდება ტყუილი ცილისწამება იყო და მას სასამართლოს წინაშე პასუხისგება აუცილებლად მოუწევდა.