აშშ-მა უნდა დასაჯოს ჰააგის სასამართლო ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერების მოთხოვნის გამო - მაიკ ჯონსონი
ჰააგის პროკურორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-მა უნდა დასაჯოს ჰააგის სასამართლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერების მოთხოვნის გამო.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას მათ, გამოიყენონ ომი სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვის ან დემოკრატიული ერების ავტორიტეტის უზურპაციის მიზნით. აშშ-მა უნდა დასაჯოს ჰააგის სასამართლო და კარიმ ხანს მიუჩინოს თავისი ადგილი. თუ ჰააგის სასამართლოს მიეცემა უფლება, დაემუქროს ისრაელელ ლიდერებს, ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა იქნება შემდეგი. კონგრესი ახლა განიხილავს ჩვენს ყველა ვარიანტს. ჩვენ გვაქვს ძალიან აგრესიული კანონმდებლობა და ვაპირებთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყენოთ. ჩვენ დავაწესებთ სანქციებს“, – განაცხადა ჯონსონმა.