დემოკრატიის უკუსვლა დაიწყო 2006 წელს.. ნუ ექნება ილუზია, რომ რადგან ბიძინა ცუდია, ეს მას თეთრს და ფუშფუშას გახდის - ხუხაშვილი სააკაშვილზე
ამ ქვეყანას კი ჭირდება ნათელი მომავალი, სადაც არც სააკაშვილის და არც ბიძინას ადგილი არ არის - ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით 2012 წლის შემდეგ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის დრო შესაძლოა არ არის, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო სააკაშვილის განცხადებას, რომ უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით 2012 წლის შემდეგ დაიწყო და იმოწმებს ბლინკენს, მისი გზავნილის სათავისო ინტერპრეტაციით.
რეალურად, დემოკრატიის უკუსვლა დაიწყო 2006 წელს და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ქართული დემოკრატიული საზოგადოების ერთი ნაწილი, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა ავტოკრატიული ხელისუფლების გადასარჩევად.
ასე რომ, მას აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი თუნდაც დღევანდელ უბედურებაში და ნუ ექნება ილუზია, რომ რადგან ბიძინა ცუდია, ეს მას თეთრს და ფუშფუშას გახდის.
რამდენიც არ უნდა ეცადოს ისტორიის გადაწერას, უნდა იცოდეს, რომ ის ასოცირდება მანკიერ წარსულთან, ბიძინა კი უარეს ამწყოსთან.
ამ ქვეყანას კი ჭირდება ნათელი მომავალი, სადაც არც მისი და არც ბიძინას ადგილი არ არის.
თუ მაინცდამაინც მას სურვილი აქვს რამის გაკეთების - ამ პატივის მოპოვება მხოლოდ საკუთარი დანაშაულების და შეცდომების გულწრფელი მონანიების შემდეგ არის შესაძლებელი. მონანიების გარეშე არ არსებობს პატიება… - წერს ხუხაშვილი.