ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სასტიკი ტირანი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სასტიკი ტირანი უწოდა. ბაიდენმა ამის შესახებ აშშ-ის „ვესთ ფოინთის სამხედრო აკადემიის“ კურსანტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენ ვიქნებით იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც მე მრავალი წელია ვიცნობ, სასტიკი ტირანის, ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა“, - თქვა ბაიდენმა .
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ნატო-ს დაშლა სურდა, თუმცა მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი თავდაცვის ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იარაღის მიწოდებას და უკრაინელი სამხედროების წვრთნას, მაგრამ მან გამორიცხა ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა.
"ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან ჩართული უკრაინის ომში. მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს ასე დარჩება", - თქვა მან.