ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს; გამოიკითხოს და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები - საიას განცხადება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გდდ-ის ხელმძღვანელის, "ხარებას" დღევანდელ კომენტარებსა და მუქარას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხარაზიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სწორედ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით სცემს და რომ ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს. "საია" შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და ხარაზიშვილის გამოკითხვას მოითხოვს:
"2024 წლის 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს (“მე არაკაცებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს…”). საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას. ამას, ცხადია, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს.
აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ რუსული კანონის ინიცირების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის არაერთ შემთხვევას. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მსგავს შემთხვევებს ადეკვატურ სამართლებრივ კვალიფიკაციას არ აძლევს და გამოძიებას ყოველთვის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარმართავს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მოვუწოდებთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს - უარი თქვას ძალადობრივ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პრაქტიკაზე, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება და დემონსტრანტების ფიზიკური უსაფრთხოება.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს - არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ძალადობის შემთხვევებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემაში. გამოიკითხოს, ასევე, ზვიად ხარაზიშვილი და ჩატარდეს მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები." ნათქვამია საიას განცხადებაში.