თეგებით ძიება
29. 05. 2024 მსოფლიო

აშშ არ ცვლის პოზიციას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს წახალისებული არ იქნება - სახელმწიფო დეპარტამენტი

უკრაინას შეერთებულ შტატებზე უფრო დიდი მხარდამჭერი არ ჰყავს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მილერი განმარტავს, შეერთებული შტატები არ ცვლის პოზიციას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს წახალისებული არ იქნება.

„ჩვენი პოლიტიკა იყო ის, რომ არ წავახალისოთ ან არ დავუშვათ დარტყმების განხორციელება უკრაინის საზღვრებს გარეთ, თუმცა თუ გადახედავთ ჩვენი პოლიტიკის ფართო სპექტრს, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უკრაინას არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მხარდამჭერი. ჩვენ ამას უბრალოდ არ ვამბობთ. ჩვენ ამას ვამტკიცებთ ჩვენი სამხედრო დახმარებით“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს, იყოს ლიდერი 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციაში, რომლებიც გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად.

პარალელურად, პენტაგონშიც აცხადებენ, რომ უკრაინამ არ უნდა გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმისთვის.

„ჩვენ მივეცით მათ ბევრი შესაძლებლობა – არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია წარმატებული იყოს ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა.

ცნობისთვის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა