თეგებით ძიება

"დასავლეთი ცეცხლს ეთამაშება“ - პუტინი უკრაინის მოკავშირეებს აფრთხილებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ის ცეცხლს ეთამაშება, როდესაც უკრაინას უფლებას აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით იერიშები განახორციელოს. ამის შესახებ პუტინმა ტაშკენტში პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამან შეიძლება გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს. სააგენტოს ცნობით, ხოლო დროს პუტინმა გლობალური კონფლიქტის საფრთხეზე სულ უფრო ხშირად საუბრობს.

როგორც რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსის წევრებმა უნდა მისცენ უკრაინას უფლება, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით იერიშები განახორციელოს. ამ მოსაზრებას ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა ეთანხმება. აშშ წინააღმდეგია.

"მუდმივ ესკალაციას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუ ეს შედეგები ევროპაში მოხდება, აშშ როგორ მოიქცევა, თუ სტრატეგიულ შეიარაღებაში ჩვენს პარიტეტს გავითვალისწინებთ“? - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინის შეტევებისთვის რუსეთზე შორი მოქმედების დასავლური იარაღის გამოყენებით აუცილებელია თანამგზავრების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ დასავლეთი ამაში უშუალო მონაწილეობას მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში საფრანგეთის ჯარის გაგზავნა გლობალური კონფლიქტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ევროპაში ნატოს წევრ ქვეყნებზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ მათ უნდა ესმოდეთ, თუ რას ეთამაშებიან, რადგანაც იქ მცირე ტერიტორია და მჭიდრო დასახლებებია. „ამაზე უნდა იფიქრონ, ვიდრე რუსეთის შიგნით რაღაცა დარტყმებზე ისაუბრებენ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაზე რუსული ჯარის ახალი შეტევების ფონზე უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას რუსეთზე შეტევების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რადგანაც სწორედ იმ ტერიტორიიდან მიფრინავს უკრაინაში რაკეტები და ბომბები, რომლითაც რუსული ძალები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ.

რუსი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მოსკოვის მოთმინების ფიალა ივსება, რადგანაც უკრაინა მის ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებს და რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონმა ბირთვული შეტევის გაფრთხილების რუსეთის სისტემაზეც კი მიიტანა იერიში.

რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის უფლებამოსილება დასრულდა და ის ამჟამად არალეგიტიმური პრეზიდენტია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინაში ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო არის უმაღლესი რადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა