ბოსნიის სერბთა რესპუბლიკამ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია
ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკამ 28 მაისს, ღამით უკან გაიწვია „უცხოელი აგენტების“ საკამათო კანონპროექტი, რომელიც მიზნად საერთაშორისო დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრის შექმნას.
მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საბოლოოდ მიიღო.
ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის RTRS-ის ცნობით, კანონპროექტი თავდაპირველად ბოსნიელი სერბების ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი ამოიღო საპარლამენტო პროცედურებიდან.
მიზეზები მას არ განუმარტავს.
Euractiv-ის თანახმად, კანონპროექტი იყო ერთ-ერთი იმ პოლიტიკური ნაბიჯებიდან, რომლებიც შემუშავებული იყო ბოსნიელი სერბების პრორუსი ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ.
დოდიკმა თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით გარკვეული პროტესტი „ევროპულ ნორმებს“ უკავშირდება.
„რადგან სერბთა რესპუბლიკა ერთგულია ევროპული გზისა, ჩვენ შევთანხმდით [კანონპროექტის] გაწვევაზე და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობასთან და ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკასთან დამატებით ჰარმონიზაციაზე“, — დაწერა დოდიკმა X-ზე.
დოდიკის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც დეპუტატებმა თავდაპირველად გასული წლის სექტემბერში დაუჭირეს მხარი, საპარლამენტო პროცედურას დროულად დაუბრუნდება.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წლის დეკემბერში მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.
ევროპულმა საბჭომ კომისიას დაავალა, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი რეკომენდაციები შესაბამისად შესრულდება.
წყარო: „ნეტგაზეთი“