მგონი, მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტი ბანკში აერია - ირაკლი ზარქუა
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყანას მეტ განვითარებას მოუტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულად უახლოეს მომავალში ჩინური კომპანია გამოცხადდება.
„ჩინეთში საფრანგეთის პირველი პირები იყვნენ ჩასული. მთელი ევროპა ცდილობს, ჩინეთთან დალაგდეს. ასე რომ, ოპოზიცია თავის ისტორიებს და სიგიჟეებს თავის აქტივს მოუყვეს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ეს სახელმწიფო ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე უვიზო მიმოსვლაა. ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყანას მისცემს მეტ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე გზაა, რაც საქართველოზე გადის. სწორედ ამიტომ არის, რომ მავნებლები ვითარების არევას ცდილობენ, რათა პროექტი ჩაიშალოს. ქართველი ხალხის სურვილია, საქართველო იყოს დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო, რომელიც თავის ბედს თავად განაგებს და ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, ზარქუა გამოეხმაურა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ხაზარაძე ამბობს: „რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა, დღეს კი ყველაფერი ნათელია, არ გაუვათ, რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ“.
ირაკლი ზარქუას თქმით, „მამუკა ხაზარაძე ამ ყველაფერს უფრო მტკივნეულად მიიღებს, რადგან შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი ცოდნა, კაპიტალი ქვეყნისთვის მოეხმარა, მაგრამ დახარბდა და ქვეყანას მილიარდები, წლები დააკარგვინა“.
„იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. საარჩევნოდ სამეგრელოში თუ ჩამოვა თავისი დამწვარი „მუსტანგით“, ყველა ეტყვის – შენ, ბიძია, თუ ფულის შესაძლებლობა არ გქონდა, ქვეყანას წლები რატომ დააკარგვინეო. ამას ჩემი მეგრელები ეტყვიან. თურმე მისთვის სახელმწიფოს 400 მილიონი უნდა მიეცა, რისკები სახელმწიფოს უნდა აეღო და მოგება ხაზარაძეს წაეღო. მგონი, ანაკლიის პორტი ბანკში აერია. ანაკლიის პორტი აშენდება, რადგან ისტორიული პროექტია. ეს იქნება გვირგვინი სატრანსპორტო დერეფნის, რაც ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.