თეგებით ძიება

„ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს“ - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11 წლიან შედეგებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ, მოსახლეობას, ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

„სხვაობა, მოგეხსნებათ, რომ არამც უბრალოდ შთამბეჭდავია, არამედ ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა