ნატო მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს - Steadfast Defender 24-ს ასრულებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს - Steadfast Defender 24-ს („მტკიცე მცველს“) ასრულებს.
წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას, ორ წელზე მეტი ხნის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების ვითარების საპასუხოდ დაიწყო.
ნატო-ს შტაბ-ბინის ცნობით, წვრთნებში, რომელიც დაახლოებით ოთხი თვის წინ დაიწყო, მონაწილეობა მიიღო 90 000-ზე მეტმა სამხედრომ ნატო-ს 32-ვე წევრი ქვეყნიდან, მათ შორის შვედეთიდან, რომელიც ალიანსს წელს შეუერთდა.
აღჭურვილობის თვალსაზრისით წვრთნებში 50-ზე მეტი ხომალდი, 1100-მდე საბრძოლო მანქანა და 80-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი იყო ჩართული. კერძოდ, წვრთნების ფარგლებში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების მომზადება და განლაგება განხორციელდა.
სააგენტო dpa წერს, რომ Steadfast Defender-ის სცენარი არის მოკავშირეთა ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმა, რაც იწვევს ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას. ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნების ფარგლებში პირველად გამოცადეს ალიანსის ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმები, რომლებიც მოკავშირეებმა გასულ წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით შეათანხმეს.
ცნობისთვის, აქამდე ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდ წვრთნებად Trident Juncture-ი ითვლებოდა, რომელშიც 2018 წელს 50 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.