სტოლტენბერგი - რუსეთი ურტყამს უკრაინას მის ტერიტორიაზე განთავსებული რაკეტებითა და არტილერიით, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა
უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიის ომი. რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას. დავამატებ: ეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთმა ახალი ფრონტი გახსნა. ახლა ჩრდილოეთიდან უტევენ ხარკოვის რეგიონს და საზღვარი, ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად იგივეა. ასე რომ, ისინი ურტყამენ უკრაინას რუსეთში განლაგებული რაკეტებითა და არტილერიით და რა თქმა უნდა, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა. ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი განმარტებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის თავდაცვის უფლების დაცვის საკითხი.
„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, უკრაინა ცდილობს თავის დაცვას და ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ ობიექტებზე თავდასხმას. თუ ახლა ბრძოლის ველს შეხედავთ, რუსეთი უკრაინის მიწას, რუსეთის ტერიტორიიდან ესხმის თავს არტილერიით, რაკეტებით და რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან უჭირს თავის დაცვას, თუ მათ არ მიეცემათ საშუალება გამოიყენონ მოწინავე იარაღი ამ თავდასხმების მოსაგერიებლად. ბევრმა მოკავშირემ ცხადყო, რომ ისინი, რა თქმა უნდა, აღიარებენ, რომ უკრაინა იყენებს მათ მიერ მიღებულ იარაღს საკუთარი თავის დასაცავად, მათ შორის რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის. მითუმეტეს, როცა ეს სამხედრო ობიექტები გამოიყენება რუსეთის ტერიტორიიდან თავდასხმისთვის. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მივიჩნევთ, რომ ეს გაკეთდება პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.