თეგებით ძიება

ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება წელს დეკემბერში, თუ გაისად ივნისში, საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა - სოზარ სუბარი

ცხვირწინ ჩამოგვკიდეს მორიგი სატყუარა, რომ თუ ახლა სუვერენიტეტზე უარს იტყვით, დეკემბერში გაგიხსნით მოლაპარაკებებსო. ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ტექნიკური თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც ჩვენ ამისთვის დღესაც მზად ვართ - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ საქართველომ ამ გზაზე თავისი საკეთებელი იცის, აქვს გეგმა და მიყვება მის განხორციელებას.

მანამდე კი, სოზარ სუბარმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მიდგომაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში და უკრაინის მაგალითი მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის თემაზე ევროპაში არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება.

„ჩვეულებრივ ჩვენ ხშირად გვაშანტაჟებენ იმით, რომ „თუ კარგად არ მოვიქცევით“, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, უკრაინის ან მოლდოვისგან განსხვავებით. პარალელურად, სწორედ დღეს ევროპაში გაკეთდა ორი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით: ერთი ის, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების ფანჯარა უნდა გაიხსნას და მეორე - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა ძალიან ხმამაღალი განცხადება, ნუ ვატყუებთ უკრაინას და ნურც თავს ვიტყუებთო, უკრაინას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც ვაპირებთ მის მიღებას, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაშიო.

ამავე დროს, ორი დღის წინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მინიმუმ 30 წელი უკრაინის ნატოში მიღებაზე ლაპარაკი არც შეიძლება იყოს. ეს არის რეალობა. ამ დროს თვალებში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უკრაინა საქართველოსთან შედარებით, თურმე ბევრად წინ არის. ეს არის საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, უფრო სწორად, ქართული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერებისთვის გადმოგდებული სატყუარა - აი, უკრაინა კარგად იქცევა და იმას მივიღებთ ევროკავშირში, ხოლო საქართველო და მისი ხელისუფლება ცუდად იქცევით და არ მიგიღებთო. ღმერთმა არ ქნას, ოდესმე იმის მსგავსი მოხდეს საქართველოში, რაც დღეს ხდება უკრაინაში, სადაც ყოველდღე რამდენიმე ასეული ადამიანი კვდება ფრონტზე და ყოველდღე ნადგურდება უკრაინული ქალაქები და სოფლები. ეს არის სრული ტრაგედია. ევროპის პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსებით, ჩვენს თვალწინ ნადგურდება. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ საქართველოში ვერ დავუშვებდით და არც დავუშვებთ.

ცხვირწინ ჩამოგვკიდეს მორიგი სატყუარა, თუ ახლა სუვერენიტეტზე უარს იტყვით, დეკემბერში გაგიხსნით მოლაპარაკებებსო. ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ტექნიკური თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც ჩვენ ამისთვის დღესაც მზად ვართ. ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება წელს დეკემბერში, თუ გაისად ივნისში, საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი ევროკავშირის წევრობისთვის, ამ გზას მივყვებით და გავაკეთებთ კიდეც," - განაცხადა სოზარ სუბარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა