ამ ხელისუფლების დარჩენა კატასტროფა იქნება, ეს 20-30 წლით გადაგვაგდებს უკან - დავით ზურაბიშვილი
"ამ ხელისუფლების დარჩენა კატასტროფა იქნება, აბსულუტური იზოლაციონიზმის გზაზე დაგვაყენებს, 20-30 წლით გადაგვაგდებს უკან" - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TIA.ge-ს (Top Information Agency) ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ესაუბრა.
„სანქციები აუცილებლად იქნება, თუმცა ჯერ სანქცირებულთა სია არ გამოქვეყნდება. კონგრესში წინ წავა ორპარტიული ე.წ. მეგობრობის აქტი, სადაც ფინანსურ შეზღუდვებზეა საუბარი. გადაიხედება დახმრების პაკეტები. აშშ-ის მხარს, ევროკავშირის ქვეყნებიც აუბამენ. საპროტესტო მუხტის განელებას არ ველი. ფორმები შეიცვლება, თუმცა პერიოდულად დიდი აქციები კვლავ იქნება. ასეთი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ საზოგადოებას შორის იყო კრიტიკულ მომენტებში - 1991, 2003 და 2012 წლებში. ყველა შემთხვევა, სხვადასხვა ფორმით ხელლისუფლების ცვლილებით დასრულდა... სიტუაციის განმუხტვის ბერკეტები ყოველთვის არის ხელისუფლების ხელში. 2003 წელს შევარდნაძე ყოველმხრივ არალეგიტიმური იყო და მას აღარ ედგა გვერდში ძალოვნების დიდი ნაწილი. 2012 წელს კი სააკაშვილზე ამერიკელებს ჰქონდათ დიდი ზეწოლა, რომ მარცხის შემთხვევაში ეღიარებინა შედეგები (ამაში წვლილი ზუსტად იმ სენატორებს მიუძღვით, რომელთაც ახლა ხელისუფლება ლანძღავს)“, - თქვა ზურაბიშვილმა Tia-ge- სთან საუბარში.
„ხელისუფლება რასაკვირველია თავისი ნებით არ წავა, იძულებული უნდა გახდეს. ამ ხელისუფლების დარჩენა კატასტროფა იქნება, აბსულუტური იზოლაციონიზმის გზაზე დაგვაყენებს 20-30 წლით გადაგვაგდებს უკან. ხელისუფლების რეიტინგი დიდ ქალაქებში სერიოზულად დაცემულია, ხოლო რაც დიდ ქალაქებშია რეგიონებშიც ის განწყობა გადადის ხოლმე დროთა განმავლობაში. ახალგაზრდებს არ ახსოვთ ნაცები, მათ იმ დროის უარყოფითი მომენტები არ განუცდიათ და მათში შიში არ მუშაობს. ახალგაზრდების აქტივობა ნიშნავს პლუს 200-300 ათას ხმას არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ოპოზიციის ერთ ან ორ სიაში გაერთიანება ვერ მოხდება და ვისაც როგორ უნდა ისე გავა არჩევნებზე. იქნებიან ცალკე ნაცები, ახალი, ლელო (შესაძლოა მას რამდენიმე ჯგუფიც შეუერთდეს) და გახარია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება ეცდება ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და ა.შ., თუმცა ეეჭვება, რომ ოქმების მასობრივი გადაწერა მოახდინოს.
„საარჩევნო პროცესებს კარგად ვიცნობ, პრაქტიკულად შეუძლებელია სანამ შედეგები დაიდება წინასწარ იცოდეს ვინმემ მოიგეს თუ წააგეს, ხელისუფლება არჩევნებამდე ეცდება მანიპულაციებს პროპაგანდით, მოსყიდვით და დაშინებით. მეეჭვება ოქმების გადაწერა მოხდეს მასობრივად ცესკოში, ძალიან იყვირებს ეს ფაქტი და არალეგიტიმურად ჩაითვლება არჩევნები. უშუალოდ პროცესში გაყალბება არ ხდება და უკვე შედგენილი ოქმების გადაწერა ლეგიტიმურ რევოლუციურ პროცესებს გამოიწვევს. ელექტრონული არჩევნების სისტემა ნაკლებადაა საფრთხის შემცველი. კარგია, რომ ახალგაზრდების დიდი ჯგუფი აპირებს არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩაეწერონ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ესაუბრა გიორგი აბულაძე