„715 -ივე გინებას გიძღვნით, რომელიც ითვლება კინოში რეკორდად“ - რას წერს რომან გოცირიძე
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
რამდენად რეგვენები უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სატელეფონო ზარებით ემუქრებიან თუ აგინებენ. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამის არავის ეშინია და რომ მხოლოდ დასაცინად იგდებენ თავს?
გუშინ განსაკუთრებით მონდომებული სატელეფონო შეტევა განხორციელდა ოპოზიციის მისამართით. ჩემთანაც დარეკეს ღამით ამ ნომრიდან +995599546666. ამას როგორ ვუპასუხებდი, როცა თვალი მოვკარი, რომ ბოლოში სამი ექვსიანი იყო, კუდიანების ნიშანი.😀
ჩემს ახლობლებთანაც იგივე ნომრიდნ დარეკეს. არ აღმოაჩნდათ მათ ეშმაკისეული ნიშნების ამოცნობის გამოცდილება და მეტად გოიმური და კომიკური ტექსტით შედგენილი გინება-მუქარა მოისმინეს.
ახლა გადავრეკე, მინდოდა ორიოდე ტკბილი სიტყვა მეთქვა. ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა.
ამიტომ, მინდა წერილობით, კულტურული გინებით მივმართო ამ ზარების იდეის ავტორებს, დამკვეთებს, ორგანიზატორებს და შემსრულებლებს:
- იმ სიტყვებით მოგმართავთ, დურუ ხუნჭუას რომ ენდა ეთქვა ფილმიდან “რეკორდი” და რომელიც არა თქვა მისი სიმორცხვის გამო.
-ყვავი ბორიას ცნობილი სიტყვებით მოგმართავთ რევაზ გაბრიაძის მარიონეტების თეატრის წარმოდგენიდან, რომელსაც “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა” ჰქვია. გახსოვთ ხომ, სანამ საგინებელ სიტყვას წარმოთქვამდა პროკურორის მისამართი, ჯერ ქალებს რომ სთხოვა, ცოტა ხნით დაეტოვებინათ სასამართლო სხდომის დარბაზი. ჯენტლმენი ყვავი იყო ბორია, ქოც დეპუტატებს კი არ ჰგავდა, საკუთარ თანაპარტიელ ქალებსაც რომ არ ინდობენ და მეტად მდაბიო გინებებს რომ ასმენინებენ დღეგამოშვებით. ცოტა რომ დახვეწონ, ამდენი არც ჭკუა ჰყოფნით, არც გემოვნება და არც გამომგონებლობა.
-რა თქმა უნდა, კაკო ბობოხიძემ რომ მიმართა 2014 წლის 26 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ოცნების” უმრავლელობას, ამის არგამოყენება როგორ იქნება.
-და ბოლოს, მარტინ სკორსეზეს ფილმიდან “უოლ სტრიტის მგელი”, 715 -ივე გინებას გიძღვნით, რომელიც ითვლება კინოში რეკორდად არანორმატიული ენის გამოყენების სიმრავლის მხრივ (სერიალები არ ითვლება).
ამ ეტაპზე ესეც საკმარისად მიმაჩნია.
პირადად მე, მაინც ყვავ ბორიას ვანიჭებ უპირატესობას, ვივიენ ლი რომ უყვარდა და ქუთაისის კინოთეტრში მისი ფილმის ყურებისას საკოცნელად რომ დააცხრა თავს თავისი გრძელი ნისკარტით და ეკრანი რომ გახვრიტა.
ამისთვის ასამართლებდნენ.
ჰო და მისი ცნობილი სიტყვებით მინდა დავამთავრო: პროკუროროოოო! შენი…… - წერს გოცირიძე.