თეგებით ძიება

რა არის თქვენში ქართული? - როგორ უპასუხა ჯორჯ ბალანჩინმა ჟურნალისტის კითხვას?

~

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი. იმიტომ, რომ მე ვასწავლე ამერიკას ბალეტი", − ეს სიტყვები ეკუთვნის ჯორჯ ბალანჩინის, გიორგი ბალანჩივაძეს − ქართველს, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ოკეანის გადაღმა ჩაიტანა და დაამკვიდრა.

“ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ? რა არის თქვენში ქართული?“ – ჰკითხეს ქორეოგრაფიის ლეგენდას თბილისში გასტროლების დროს.  ჯორჯ ბალანჩინი წამოდგა, ჩაფიქრდა და დინჯად უპასუხა:

“დიახ, ბატონო, ქართველი გახლავართ, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა პირველად ვარ. დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში, საიდანაც წავედი უცხოეთში და გავხდი ამერიკის მოქალაქე. რა არის ჩემში ქართული? ხომ გაეცანით ჩემს ხელოვნებას, ხომ ნახეთ ჩემი ბალეტი? თუ მასში არის ტემპერამენტი, სიცოცხლე, ხალისი, ენერგია, ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში!“

როგორც ჯორჯ ბალანჩინის მეგობრები და ახლობლები იხსენებდნენ, მას ნიუ იორკის ბინა სავსე ჰქონდა ქართული ნივთებით და ყოველთვის ამაყობდა საკუთარი წარმომავლობით. იგი ინახავდა ჩოხასა და ხატებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კი, კვერცხების შეღებვითა და საკუთარი ხელით გამომცხვარი პასკით აღნიშნავდა.

ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა და ნიუ იორკის ოკლენდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას არ ჰყოლია შვილები და მთელ ენერგიასა და ენთუზიაზმს საკუთარ საქმეს ახმარდა. სიცოცხლის ბოლომდე, იგი თავაზიანი, ღირსეული და თავდაჯერებული ქართველი იყო, რომელმაც ანდერძის თანახმად, მთელი ქონება "ნიუ იორკ სითი ბალეს" საბალეტო დასს გაუნაწილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა