თეგებით ძიება

უნიჭიერესი, გამორჩეული კალათბურთელი იყო, მაგრამ საყოველთაო სიყვარულს, ერთი კაცის ქვეშევრდომობა არჩია - ლევან ლორთქიფანიძე ვიქტორ სანიკიძეზე

ხმა მისცა კანონს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის და ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებას უწყობს ხელს - პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ყოფილი კალათბურთელის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ სანიკიძის შესახებ წერს, რომელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხმა მისცა.

ერთხელ უმცროსმა ძმა არველაძემ თქვა, საქართველოში ნებისმიერ კარზე რომ დავაკაკუნოთ, სიხარულით მიგვიღებენ და ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოაო. 

როგორ მიაღწიეს სპორტსმენმა ძმებმა ასეთ შედეგს...

ჯერ ერთი, კარგ ოჯახში დაიბადნენ, ინტელიგენტი, დახვეწილი, კულტურული მშობლები ჰყავთ, ქალაქელები, ამ სიტყვის საუკეთესო, არასნობური გაგებით. 

შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, ფეხბურთი უყვართ და არა საკუთარი თავი ფეხბურთში.

იუმორი გამოარჩევთ, კარგ იუმორს კი ინტელექტი და მაღალი მორალური სტანდარტები სჭირდება.

ბევრჯერ გაუმართავთ ხელი სხვისთვის და შემდეგ ტელევიზიიდან არ დაუმადლებიათ დახმარება ნიჭიერი ახალგაზრდისათვის.

უდიდესი გავლენის მიუხედავად, არ უცდიათ საქართველოს უმსხვილესი ინდუსტრიული ცენტრების, ბუნებრივი რესურსების გრანდიოზულ საბადოთა ხელში ჩაგდება, ხელისუფლებებთან გარიგების შედეგად მულტიმილიონერებად გადაქცევა.

არასდროს უცდიათ იმ საქმის გაკეთება, რაც არ იციან - დეპუტატებად და მინისტრებად არ დაწინაურებულან. 

სამოქალაქო პოზიციასაც ყოველთვის ძალიან ფრთხილად გამოხატავენ, რათა არ დაჰყონ საზოგადოება. 

უნაკლოები არიან ? რა თქმა უნდა, არა... მაგრამ გულწრფელობა და თანმიმდევრულობა გამოარჩევთ.

ვიკა სანიკიძესაც ხომ ჰქონდა შანსი ამ გზით ევლო? არ ვიცი მასაც ისეთივე კონგენიალური მამიდა ჰყავს თუ არა, როგორც არველაძეებს ))) მაგრამ ვიკა უნიჭიერესი, გამორჩეული კალათბურთელი იყო, თავის ადგილზე რომ დარჩენილიყო, ამბიციებს რომ არ აჰყოლოდა, დარწმუნებული ვარ, მისთვის საქართველოს ყველა ოჯახის კარი ღია იქნებოდა... 

მაგრამ მან საყოველთაო სიყვარულს, ერთი კაცის ქვეშევრდომობა არჩია, მე რომ კალათბურთის თამაში დავიწყო, დაახლოებით ეგეთ საქმეს შეუდგა, ხმა მისცა კანონს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის და ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებას უწყობს ხელს... მოკლედ, უტვინო აღმოჩნდა, ამიტომაც არის ასეთ საცოდავ დღეში. 

მწყინს, არ მიხარია, არ მომწონს მისი ასეთ სიტუაციაში ხილვა. 

დაეტიეთ თქვენს სფეროში, პოლიტიკას კომპეტენცია და რწმენა სჭირდება! - წერს ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა