თეგებით ძიება
02. 06. 2024 მსოფლიო

დონალდ ტრამპი TikTok-ზე დარეგისტრირდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე დარეგისტრირდა.

პირველი ვიდეო ტრამპის ანგარიშზე პირველ ივნისს, საღამოს აიტვირთა. რგოლი ნიუარკში, UFC 302-ის ტურნირის დროს არის გადაღებული.

„ახლა პრეზიდენტი TikTok-ზეა“, - ამბობს რგოლში UFC-ს დირექტორი დანა უაითი, ტრამპი კი ამბობს, რომ მისთვის ეს დიდი პატივია.

Politico აღნიშნავს, რომ ტრამპი TikTok-ზე ახალგაზრდა ამომრჩევლების მოზიდვის მიზნით დარეგისტრირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის დროს ტრამპს TikTok-ის აკრძალვა სურდა.

ტრამპს უკვე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, იმ დროს როცა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ამავე პლატფორმაზე მხოლოდ 335 ათასზე ოდნავ მეტი გამომწერი ჰყავს.

24 აპრილს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესისა და სენატის მიერ ორპარტიულად მხარდაჭერილ კანონს, რომელიც TikTok-ის მფლობელ კომპანიას აპლიკაციის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ში აიკრძალება. აშშ-ში TikTok-ს 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და პლატფორმისთვის ის უმნიშვნელოვანესი ბაზარია. ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, TikTok-ის გასაყიდად დრო ByteDance-ს 2025 წლის 19 იანვრამდე აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა