ერთი ლიტრი 80 ლარი - ვირის რძეზე მოთხოვნა გაიზარდა
„ვირის რძეზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი. ფაქტობრივად, მოთხოვნას რომ ვერ ავუდივართ, რძის გარდა სხვას ვერაფერს ვაწარმოებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განუცხადა.
„შარშან ამ დროს, ყოველ მესამე დღეს 5 ლიტრ რძეს ვაწარმოებდით, წელს კი ყოველ მეორე დღეს 20 ლიტრს ვაწარმოებთ. ამას გარდა, ხალხისგან არის მოთხოვნა ვირის რძეზე დამზადებულ საცხებსა და საპნებზე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ“, - განაცხადა თემურ ლომიძემ.
მისი თქმით, რამდენიმე თვეა მოიმატა რძის ფასმაც და ამჯამად ის 80 ლარს შეადგენს. „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში მდებარეობს. ამჟამად ფერმაში დაახლოებით 100 სახედარი ბინადრობს.