უკრაინა იტალიისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T-ს მიიღებს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მოიცავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, იტალიის მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის შემადგენლობა, როგორც წინა შემთხვევებში, კონფიდენციალური იქნება.
„მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ დაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლო არ არის“, - აღნიშნა ტაიანიმ.
მისი თქმით, იტალია არ გაგზავნის სამხედრო პერსონალს უკრაინაში და იტალიური იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.