თეგებით ძიება

საქართველოს მოსახლეობის აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება:

პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.

მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას.

“ ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარისადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის(ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მაღალმთიან დასახლებებშიმოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში.

დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტია 29.2 მილიონი ლარი. აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2023 წლის 31 მაისის საქართველოს კანონი ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ", საქსტატის დებულება და სხვა ნორმატიული-სამართლებრივი აქტები.

კანონი განსაზღვრავს აღწერის თარიღის დადგენის, მისი მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების წესს, ადგენს აღწერის განხორციელების ძირითად დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობას, აღწერის შედეგად მიღებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის სახელმწიფო გარანტიებს.

საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში”,- აღნიშნავენ “საქსტატში”.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში ცხადდება ვაკანსიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმწერის პოზიციაზე.

„სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს. აღმწერის ხელფასი კი 750 ლარია (დარიცხული).

აღმწერის ძირითადი ფუნქციებია: მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.

აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება უკვე გამოცხადდა. დასაქმების მსურველებსგანაცხადის გაგზავნა შეუძლიათ Hr.gov.ge -ზე, Jobs.ge-ზე ან ასევე შესაძლებელია შეავსონ განაცხადი საქსტატის ვებ-გვერდზე Geostat.ge.

დასაქმების მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაცხადი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (ეგნატე ნინოშვილის 55) ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში წარადგინონ.

აღწერა წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.

აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ამასთან ერთად, სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

ქვეყნის ეკონომიკის უკეთ სამართავად ადგილობრივი თვითმართველობითი და მმართველობითი ორგანოებისათვის აუცილებელია თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის ცოდნა”, - აღნიშნავენ “საქსტატში”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა