თეგებით ძიება
04. 06. 2024 მსოფლიო

სომეხი უფლებადამცველები მომიტინგეებსა და ოპოზიციონერ დეპუტატზე პოლიციის თავდასხმებს გმობენ

სომხეთის პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი დარბევა და 300-მდე მომიტინგის დაკავება, ასევე, ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმა დაგმო ქვეყნის უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა.

ერთობლივ განცხადებაში, ხუთმა წამყვანმა ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაგმო "სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა". ისინი ყველა ცალკეული დარღვევის საქმეზე, ხელისუფლებისგან, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

"პოლიციის მიერ ამგვარი მეთოდების გამოყენება სისტემაში ხანგრძლივი დაუსჯელობის პოლიტიკის შედეგია", — ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ ანტისამთავრობო ტავუშის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები დაარბია ერევანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

მოძრაობამ განაცხადა, რომ ჩაატარებდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი მომიტინგეების დასაშლელად.

"პროტესტის მონაწილეთა არასათანადო ქცევა ვერანაირად ვერ გაამართლებს პოლიციელების უკანონო ქმედებებს“, — განაცხადეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

მათ, ასევე, მოუწოდეს მთავრობას, გამოიძიონ სომხეთის ალიანსის ოპოზიციონერი დეპუტატის აშოტ სიმონიანის ძალადობრივი დაკავებაც.

სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სიმონიანი სპეცრაზმელების ალყაში. მას სცემენ და ურტყამენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ორგანიზაციებმა, ასევე, მოითხოვეს განმარტება, თუ რატომ განათავსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დიდი რაოდენობით პოლიციელები" ოპოზიციური სომხური რევოლუციური პარტიის ოფისთან. პარტია სომხეთის ალიანსის წევრია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა