ჩინეთმა გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
2024 წლის 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი (გასულ წელს 100–მა), თუმცა მათ შორის არ არის ჩინეთი – ჩინეთმა თავი შეიკავა. ამგვარი პოზიცია დაიკავა პეკინმა გასულ წელსაც. თავი ასევე შეიკავეს ისრაელმა, ირანმა, ყაზახეთმა.
წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ნიკარაგუამ.
მხარდამჭერებს შორის პირველად არის სომხეთი. რეზოლუციას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანმა, თურქეთმა, უკრაინამ, აშშ–მა, იაპონიამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა.
ასევე ტუვალუმ, რომელმაც ჯერ 2011 წელს აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", ხოლო 2014 წელს უკან გაიწვია მთავრობის გადაწყვეტილება.