„ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში მოუწევს ევროპისგან დისტანცირება და რუსულ კონტექსტზე ჩაბარება, იქნება რეპრესიები“ - ზაქარეიშვილი
„ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში მოუწევს ევროპისგან დისტანცირება და რუსულ კონტექსტზე ჩაბარება, იქნება რეპრესიები“ - საინფორმაციო სააგენტო Tia.ge ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა და კითხვები დაუსვა მწვავე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე.
„არამგონია არჩევნებამდე იყოს მასშტაბური რეპრესიები, თუმცა ოქტომბრის შემდეგ, თუ შეინარჩუნეს ძალაუფლება არგამოვრიცხავ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია რუსეთისკენ გზა და ცალსახად უნდათ ევროპაში. ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დასჭირდება. ვერ მიაღწევენ სერიოზულ წარმატებას, ისეთს როგორიც უნდათ, მაგალითად საკონსტიტუციო უმრავლლესობა, თუნდაც უბრალო კვალლიფიციური უმრავლლესობა. ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში მათ ევროპისგან დისტანცირება მოუწევთ და ჩაბარება რუსულ კონტექსტზე. რეპრესიები იქნება, თუმცა არ გაუვათ. რეპრესიებს სჭირდება ბევრი ფული, ავტორიტარიზმის განმტკიცებისთვის რესურსები არ ჰყოფნით. პოლიციელს, რომელსაც 2000 ლარამდე უხდი, მის მეზობელს არ მოკლავს, ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოში მასობრივი რეპრესიები რთულია. სომხეთში, ბელარუსში, თუნდაც მოლდოვაში არსებობს საზოგადოებაში სიმპათიები რუსეთის მიმართ, საქართველოში კი რუსეთის სრული მიუღებლობაა ისტორიიდან გამომდინარე“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
„არ ვფიქრობ, რომ ფრუსტრაცია იქნება. პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. მთავარი ამოცანა უნდა იყოს არჩევნები და არა ყოველდღიური აქციები. რეგიონებში მუშაობაა საჭირო, ბევრმა რაიონებში არ იცის კარგად რა ხდება თბილისში. არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი იქნება პოლიტიკური ტემპერატურა, ეს ბრაზი ასე მარტივად არ გაივლის. ვფიქრობ აქტივობა ძალიან მაღალი იქნება. ახალგაზრობა ძალიან აქტიურია, როგორც წესი ისინი პოლიტიკურად პასიურები არიან ხოლმე. უკვე სირცხვილიც კია ახალგაზრდობაში პოლიტიკური პოზიციების არ ქონა, მასობრივად დადიან აქციებზე“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ანალიტიკოსი ასევე საუბრობს ოპოზიციაზეც და ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი დროულად უნდა დალაგდეს.
„ოპოზიციური სპექტრი დროულად უნდა დალაგდეს. იმედია ერთიანი სია არ გამოუვათ, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა თქვას, რომ ცალკე გადის. უნდა იყოს 2-3 ცენტრი, ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ყველა შეხედულების ამომრჩევლის მოზიდვა. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში კინკლაობა გააძლიერებს, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შეეშვას ურთიერთდაპირისპირებას. ხმები მინიმალურად უნდა დაიკარგოს, არსებობს ისეთი პარტიები რომლებიც 1%-იანი შედეგი და დაფინანსება სურთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
„ხელისუფლება ყოველთვის ნერგავდა განწყობას, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და მაინც არაფერი შეიცვლება. ეს ყველაზე მიუღებელი პოზიციაა. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა მით უფრო ნაკლები გაყალბდება. გაფუჭებული ბიულეტინიც კი გაყალბებას უშლის ხელს, ჯობია მიხვიდე და თუ არ იცი ვის აძლევ ხმას გადახაზო ყველა. რათქმაუნდა გაყალბების საშუალება არის, ვფიქრობ ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება ამას. რამდენად ტოტალური იქნება და რამდენად მიიღებს საზოგადოება ამას გაამწყვეტი იქნება. ეჭვი მეპარება ივანიშვილი სააკაშვილივით წავიდეს, ალბათ უფრო შევარდნაძის გზას გაჰყვება. როდესაც შევარდნაძე დამარცხდა, შედეგები არ აღიარა და საზოგადოების ზეწოლით მოუხდა წასვლა“,. - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ესაუბრა გიორგი აბულაძე