"თავს იცავდა - სახლში მიუვარდნენ, სცემდნენ" - რას ამბობს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?
ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იური კალანდარიშვილი თავს იცავდა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კალანდარიშვილის ადვოკატმა განუცხადა.
როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მკვლელობის ღამეს დაკავებული სახლში, ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ბაშარული და არჩვაძე მიუვარდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც მან გაფორმებული იარაღი შესაშინებლად გამოიტანა.
"დაკავებულია მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ რეალურად თავს იცავდა. მას ორი ადამიანი სახლში მიუვარდა, სცემდნენ, კალანდარიშვილმა მეორე ოთახიდან გაფორმებული იარაღი აიღო, ესენიც გაჰყვნენ მეორე ოთახში, გასროლამდე იარაღს ართმევდნენ და გასროლა მოხდა. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ საკუთარ ბინაში, გაფორმებული იარაღი შესაშინებლად აიღო. როგორც მოგახსენეთ, ამ იარაღს ართმევდნენ და გასროლაც ამ დროს მოხდა. კონფლიქტს წინა ისტორია შეიძლება ჰქონდა, მაგრამ ამ დღეს, იური სახლში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა, ღამის პირველი საათი იყო. კარზე გაიგო ბრახუნი, ხმაური, გაიხედა გარეთ, შეუვარდნენ სახლში, სცემეს, მან კი თავდაცვისთვის აიღო იარაღი, რომელსაც ართმევდნენ. მეუღლე შემსწრეა, ბავშვს ეძინა, მეუღლესაც ეძინა, მაგრამ სახლში ჩხუბის ხმა რომ გაიგო, გაეღვიძა და გახედა.
ეს კვალიფიკაცია აბსურდია, ყველა ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება, გამონაკლისი არც იურია. ყველას აქვს უფლება თავის საკუთარ სახლში მშვიდად იძინოს და ისვენებდეს თავის ცოლ-შვილთან ერთად“, - განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებულ იური კალანდარიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც უკვე თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.