კანონიერად გაფორმებული მისივე იარაღით შეძლო მოეგერიებინა თავდამსხმელი - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? (ვიდეო)
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 44 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელს და მის მეგობარს სანადირო თოფიდან ესროლა.
ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატი აუცილებელ მოგერიებაზე საუბრობს.
მეზობლებს დეტალებზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ სროლა არ გაუგიათ და მხოლოდ პატრულის ეკიპაჟმა მიიქცია ყურადღება.
იური კალანდარიშვილის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.
“ერთ-ერთი გარდაცვლილი მისი კარის მეზობელი იყო. მიუვარდნენ და დაუწყეს ცემა. კანონიერად გაფორმებული მისივე იარაღით შეძლო, რომ მოეგერიებინა თავდამსხმელი. კონფლიქტამდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა შენიშვნა მისცა მეზობელს სახლის კართან დადებული ნაგვის გამო, მერე ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დააყენა ვიდეოკამერა სახლთან და ამის გამო გაღიზიანდა და უხამსი ჟესტიკულაციით გამოირჩეოდა,“- აცხადებს ადვოკატი.