თეგებით ძიება

მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი მოსამართლე ლევან დარბაიძემ გაათავისუფლა. მან დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ.

გთავაზობთ მოსამართლის სიტყვას:

„პროკურატურის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს, უკანონოდ იქნეს ცნობილი 4-5 ივნისს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკა, ავტომობილის ჩხრეკა, კუთვნილი ავტომობილის ამოღება და კუთვნილი ტანსაცმლის ამოღება და ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნას ცნობილი.

იოსებ ბაბაევს განემარტოს, რომ მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მას უფლება აქვს, სამოქალაქო ადმინისტრაციული წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეო ჩანაწერით, ან გარეშე პირის დასწრებით – ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა – ეს მოთხოვნა დარღვეულია.

ასევე, საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება, რომ აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც სასამართლოში მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და თეორიულად შეუძლებელია, რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს, ეს უბრალოდ არის თეორიულად გამორიცხული.

გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღების დროს, ვლინდება, რომ ამ დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე, საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოგახსენეთ”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა