"ჩვენი დილა ტირილით იწყება, უვადო უნდა მიესაჯოს" - სასტიკად მოკლული ქეთი ჯავახიშვილის ოჯახი დუმილს არღვევს: ცნობილი ხდება ბრალდებულის ჩვენებაც
28 თებერვალს, ლილოში სასტიკი მკვლელობა მოხდა - გოგონას ცხედარი სახლთან ახლოს ნახეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა. ქეთი ჯავახიშვილს სხეულზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ირკვევა, რომ მოკლულსა და ბრალდებულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ესპანეთში დაიწყო. ცინდელიანი პერიოდულად ესპანეთში ცხოვრობდა, ქეთი კი იქ სასწავლებლად გაემგზავრა. მკვლელობა კი მათი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოხდა.
რა მოხდა მკვლელობის ღამეს?
ოთარ ცინდელიანი ქეთის სოცქსელით უკავშირდება და ხვდება დაახლოებით ღამის 2 საათზე. აქ იწყება სიტყვიერი შელაპარაკება. ცინდელიანი მოულოდნელად დანას ხსნის და გოგონას ურტყამს. სასიკვდილოდ დაჭრილს ტოვებს და გარბის. გამთენიისას დასახიჩრებულ ცხედარს ხის საამქროს თანამშრომელი პოულობს. მალევე ადგილზე პოლიცია მივიდა, ცხედარი გოგონას მამამ ამოიცნო. ცინდელიანი მომხდარის შემდეგ ბებიის სახლში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დუშეთში წავიდა. გზაში წაშალა მოკლულთან მიწერილი ყველა მესიჯი.
მომხდარიდან სამი თვის შემდეგ კურიერი • P.S-თან ქეთის ბებია დუმილს არღვევს. მისი თქმით, მისი შვილიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული.
"ქეთის ხელები სულ გადაჭრილი ჰქონდა. დაგვღუპა (ოთარ ცინდელიანმა) ორ-ორი ოჯახი. 28 თებერვალს მოკლა, ერთი დღე არ აცალა, რომ გაზაფხული შეეგრძნო. ჯერ უცემია, შემდეგ დანა დაურტყია და ორმოში ჩაუგდია. დილით ქეთი მამამ ნახა, ვიღაც მოუკლიათო, გავიდა გარეთ და რომ მივიდა და გადმოწია ცხედარი, ქეთი სულ სისხლში ცურავდა". უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს, დილით ჩვენი ცხოვრება ტირილით იწყება", - ამბობს გოგონას ბებია.
ის ვარაუდობს, რომ ცინდელიანი ნარკოტიკებს მოიხმარდა და მის შესაძენად თანხას ქეთისაც სძალავდა.
"ზოგი ამბობს, ასე უთქვამს, თუ ჩემი არა, სხვისიც არ იქნებიო..." - ამბობს ბებია.
რას ამბობს ბრალდებული ცინდელიანი ჩვენებაში?
"მივედი ქეთევანის სახლთან, მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში ჩავედით ორმოში. ვკითხე, რატომ არ მხვდებოდა ბოლო დროს სისტემატურად და ვკითხე, სხვა მამაკაცი ხომ არ ჰყავდა, რაზეც მომაყენა შეურაცხყოფა. მე ვიყავი არაფხიზელ მდგომარეობაში, გავბრაზდი, ამოვიღე დანა და დავარტყი ყელში, შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ამის შემდეგ წავედი სახლში, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე მეტრის მანძილზეა", - ვკითხულობთ ბრალდებულის ჩვენებაში.