მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, ეს გამარჯვება, მომდევნო მატჩების წინ თავდაჯერების თვალსაზრისით, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო 3:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მეორე გოლის ავტორი ჟორჟ მიქაუტაძე გახდა, რომელმაც კვარაცხელიას საგოლე გადაცემა გამოიყენა და ანგარიში ორამდე გაზარდა. საქართველოს ნაკრების მესამე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი ტესტმატჩი ჩაატარა და ტურნირისთვის კარგი განწყობა შეიქმნა.
სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება.
“მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ეს გამარჯვება, მომდევნო მატჩების წინ თავდაჯერების თვალსაზრისით, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. დავინახეთ, რომ ფიზიკურად ჯერ არ ვართ მზად, მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. თუმცა, 9 დღე გვაქვს დარჩენილი, რათა მოვემზადოთ პირველი მატჩისთვის,“ - აცხადებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი.