26 ოქტომბერს იქნება ყველაზე იოლი არჩევნები - ერთ მხარეს „ოცნება“, რომელმაც უზრუნველყო ქვეყანა ვერ ჩაეთრიათ ომში, მეორე მხარეს კი კოლექტიური შადიმანები და ორჯონიკიძეები - პაპუაშვილი
26 ოქტომბერს იქნება ყველაზე იოლი არჩევნები, ვინაიდან ქართველ ხალხს ექნება არჩევანი - ერთ მხარეს „ქართული ოცნება“, რომელიც დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, რომელმაც უზრუნველო, რომ ქვეყანა ვერავინ ჩაითრია ომში და ეკონომიკურ კოლაფსში, ხოლო მეორე მხარეს კოლექტიური შადიმანები და სერგო ორჯონიკიძეები, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ საკუთარი სახე აჩვენა და ისინი საარჩევნო კამპანიას საქართველოში არ აწარმოებენ.
„ოპოზიციამ თავისი სახე უკვე აჩვენა. მათ მთლიანად გააშიშვლეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, რომ ისინი არიან უცხო ძალების დაკვეთის შემსრულებლები და ინტერესების გამტარებლები საქართველოში. მათ ქართველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი სახელები და გვარებია ქართული, სხვა არაფერი ქართული არაა. ეს ყველამ დაინახა.
ისინი საარჩევნო კამპანიას საქართველოში არ აწარმოებენ. თავს აწონებენ საკუთარ პატრონებს. არწმუნებენ, რომ ისინი უფრო დაბეჯითებით შეასრულებენ მათ დაკვეთებს და დავალებებს. 26 ოქტომბერს იქნება ყველაზე იოლი არჩევნები, ვინაიდან ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, რომელზეც ჩვენ ხშირად გვიფიქრია, როდესაც ჩვენს ისტორიას ვეცნობოდით, საიდან ჩნდებოდნენ ეს შადიმანები და მოღალატეები, რომლებიც მზად იყვნენ წასულიყვნენ სხვა ქვეყნის დედაქალაქებში და ცრუ დასმენებით გამოეწვიათ ცეცხლი და ხმალი საქართველოს წინააღმდეგ. 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს უნიკალური შესაძლებლობა ექნება, რომ აირჩიოს ერთ მხარეს „ქართული ოცნება“, რომელიც დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, რომელმაც უზრუნველო, რომ ვერავინ ვერ ჩაითრია ომში და ეკონომიკურ კოლაფსში, ხოლო მეორე მხარეს კოლექტიური შადიმანები და სერგო ორჯონიკიძეები. ექნებათ პირველი უნიკალური შესაძლებლობა, რომ ამ არჩევანით დაანახონ ყველას, რომ ქართველი ხალხი თავის ეროვნულ ინტერესებს არ გადაუხვევს და საბოლოოდ დაასანქცირებს ოპოზიციას ამ არჩევნებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, კითხვაზე, როგორ შეაფასებდა პაპუაშვილი ბაჩო დოლიძის მიერ პარტია „ახალის“ დატოვებას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოიზრდება“.
„იმაზე [მიუთითებს], რომ შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოიზრდება. როდესაც საქმეს საფუძველში უდევს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი; როდესაც საქმეს საფუძველში უდევს ზიზღი და სხვა ადამიანების მიმართ ტერორი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი; როდესაც საფუძველი არაჯანსაღია, ვერც მისი ნაყოფი იქნება ჯანსაღი. ასე უნდა შევხედოთ, რომ აქედან კარგ შედეგს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.