ვუსმენთ ყველა ჩვენი მეგობრის განცხადებას, თუმცა ვაკეთებთ იმას, რაც უპირველესად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ხალხს - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება პარტნიორების განცხადებებს ყურადღებით ეკიდება, თუმცა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შედის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში.
„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და ვუსმენთ ყველა ჩვენი მეგობრის განცხადებას, თუმცა ვაკეთებთ იმას, რაც უპირველესად ჩვენს ქვეყანას, ხალხს სჭირდება და შედის პირდაპირ იმ ორმხრივი ვალდებულებების სფეროში, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან. ცხადია, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ისე და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას", პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.