ბელარუსი რუსეთის ბირთვულ წვრთნებს შეუერთდება
ბელარუსმა განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები ჩაერთვება რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპზე. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, წვრთნები ითვალისწინებს ვარჯიშებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაში.
წვრთნების პირველი ფაზა წინა თვეში, რუსეთის სამხრეთში გაიმართა. ბირთვული შეიარაღების დარგის ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ეს იყო პუტინის გამაფრთხილებელი სიგნალი, რათა დასავლეთმა შეაჩეროს უკრაინის ომში უფრო ღრმა ჩართულობა.
მოსკოვს აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი ვარჯიშებში მინსკის მონაწილეობაზე. თუმცა, რუსეთმა გასულ თვეში განცხადება თავად წვრთნების ჩატარებაზე გააკეთა.
ბელარუსის მხრიდან ოფიციალური განცხადება თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ხრენინმა გააკეთა. მისი თქმით, წვრთნები პროაქტიული ღონისძიებაა, რათა "გაზარდოს მზადყოფნა ე.წ. საპასუხო იარაღის გამოყენებისთვის".
გენერლის განცხადებით, „ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც შეექმნება როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე მოკავშირე სახელმწიფოს“. ხრენინს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მიმდინარეობდა წვრთნები, ან რა ტიპის შეიარაღებას ეხებოდა ის.
ბელარუსს ნატოს სამი ქვეყანა ესაზღვრება. ესენია: პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია. სამივე სახელმწიფო რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში, კიევის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერთა შორისაა.
"ჩვენი მიზანი არ არის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში რაიმე დაძაბულობის შექმნა. ჩვენ არ ვაპირებთ შესაბამისი სამხედრო საფრთხეების მესამე ქვეყნებისთვის ან საერთოდ ვინმესთვის შექმნას", - დასძინა გენერალმა ხრენინმა. დასასრულს, ხრენინმა თქვა: „ჩვენ მშვიდობიანი სახელმწიფო ვართ, ჩვენ არ ვემუქრებით და არ ვცდილობთ ვინმესთან დაპირისპირებას, მაგრამ საომარ მზადყოფნას შევინარჩუნებთ".
ამერიკის ხმა