მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე - GRASS
საქართველოს რეფორმების ასოციაცია მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ორგანიზაცია წერს, რომ "ოცნების" დეპუტატისთვის "მონის" დაძახების გამო მოქალაქის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა.
ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყროს თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც. საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას.
საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე.
მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსავე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. მომხდართან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის - მივმართავთ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს - დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს - აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად " - ნათქვამია განცხადებაში.