"მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები" - კულება დასავლელ პარტნიორებს
ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე ისაუბრა და დასავლელ ლიდერებს მიმართა, მიაწოდონ მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე. დმიტრო კულებამ ინვესტიციების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება ევროკავშირში გაწევრიანება იქნებოდა.
"მოკლევადიანი საჭიროება ნათელია და ამაზე ჩემმა პრეზიდენტმა უკვე ილაპარაკა. ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ზამთარი მოდის და ჩვენ ის უნდა გავიაროთ. რაც შეეხება გრძელვადიან საჭიროებებს, არსებობს ხუთი ნაბიჯი, რომლებიც მუდმივად უნდა იდგმებოდეს. პირველ რიგში, რეკონსტრუქციის გზა იწყება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით, რადგან, რაც ნაკლებია ზიანი, მით ნაკლებია საჭირო აღდგენისთვის. ამიტომ, თუ შეიძლება, მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე.
მეორე ნაბიჯი არის ინვესტიციები. მე მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს, არ დაელოდონ ომის დასრულებას და ახლავე დაიწყონ ინვესტირება უკრაინაში. მესამე არის მაკროფინანსური დახმარება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კვლავაც გაგრძელდება. მეოთხე, ეს არის უკრაინის წევრობა ევროკავშირში და ეს არის რეკონსტრუქციისთვის ძალიან ეფექტური საშუალება. მეხუთე არის რუსეთის გაყინული აქტივები. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო თამამები და უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა საფასური გადაიხადოს. ეს არის ხუთი ნაბიჯი, ჩვენ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ვიაროთ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.