თეგებით ძიება

აღენიშნება სახის რბილი ქსოვილების ტრავმა, მინიმუმ, ტვინის შერყევა – ბერძენიშვილის ექიმი

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმის, ილია ოქროჯანაშვილის თქმით, თავდასხმის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილს სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმასთან ერთად, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაც აქვს.

"ძირითადად აღენიშნება სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას... არის, მინიმუმ, [ტვინის] შერყევა". - უთხრა ოქროჯანაშვილმა ჟურნალისტებს.

ექიმის თქმით, ბერძენიშვილს ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება, რის საფუძველზეც გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა ის მკურნალობისთვის კლინიკაში.

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ქართული ოცნების ტიტუშკები თავს დღეს, 11 ივნისს დაესხნენ. ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ფოტო თავდაპირველად აქტივისტმა სალომე ნიკოლეიშვილმა გაავრცელა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ". - დაწერა ნიკოლეიშვილმა.

თავდასხმის შესახებ დაწერა თავად ბერძენიშვილმაც. მისი თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი თავში სროლით ემუქრებოდა.

"შენ თუ თავში არ გესროლოო, სამიდან ერთი მეძახდა, როცა დაგდებულს მირტყამდა. რასაც შვრებოდა, არ ჰყოფნიდა და ზევიდან ფანტაზირებდა.

ვაი თქვენს პატრონს, ბიჭებო. ყველა შენახული მყავხართ". - დაწერა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილზე ტიტუშკების თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც აქტივისტები, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრების მიმართ მუქარაში და ტერორის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

"მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი")

- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")

- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, "გრასი" / "ფაქტჩეკი")

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.

დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ". - დაწერა პაპუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ბერძენიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა