მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
მალავის პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაკვერამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 10 ივნისს გაუჩინარებული ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი საულოს ჩილიმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ჩიკანგავას ტყეში ჩატარებული მასიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ დაღუპულია თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ცხრავე მგზავრი. მათი ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
„უამინდობით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო თვითმფრინავმა უსაფრთხოდ დაჯდომა ვერ შეძლო. პილოტი უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ რამდენიმე წუთში თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა,“ - განაცხადა ლაზარუს ჩაკვერამ.
მალავის ხელისუფლებამ ტექნიკური დახმარებისთვის აშშ-ს, ბრიტანეთს, ნორვეგიას და ისრაელსაც მიმართა.
მთავრობის ინფორმაციით, 51 წლის საულოს ჩილიმა 9 პირთან ერთად სამხედრო თვითმფრინავით დედაქალაქ ლილონგვედან ქალაქ მზუზუსკენ მიემგზავრებოდა.