სისხლიანი ანგარიშსწორება მარტვილში - ვინ არიან თავდამსხმელები და რა გახდა ძმების დაჭრის მიზეზი? (ახალი დეტალები)
მარტვილში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, რომლებიც კარავში შეიჭრა და კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ძმები გელა და გია ხურცილავები.
ცნობილია დაშავებული ძმების მინდია და აჩი ბჟალავების ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. მინდია ბჟალავას კლინიკაში გადაყვანა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანს, რომ მინდია ბჟალავას ყურზე აქვს ჭრილობა მიყენებული.
ირკვევა, რომ ძმები ხურცილავები კარავში სანადირო თოფით და დანებით მოხდა. მინდია ბჟალავას მინიმუმ 5 ჭრილობა აღენიშნება.
საბოლოოდ, კანიონის მცველებმა მოძალადეების განეიტრალება შეძლეს, ისინი გაკოჭეს და ამის შემდეგ პოლიციამ ხურცილევები დაააკავეს.
რას წერს შსს ოფიციალურ განცხადებაში?
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.