თეგებით ძიება
12. 06. 2024 მსოფლიო

ევროკავშირში წამყვან ოთხ თანამდებობებზე კანდიდატებთან დაკავშირებით სავარაუდოდ კონსენსუსი მიღწეულია - „პოლიტიკო“

ევროკავშირში წამყვან ოთხ თანამდებობებზე კანდიდატებთან დაკავშირებით სავარაუდოდ კონსენსუსი მიღწეულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებზე და დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი ესტონეთის პრემიერი კაია კალასი განიხილება. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სავარაუდოდ თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატებთან დაკავშირებით ძირითად დებულებებზე შეთანხმება 17 ივნისს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე მოხდება. „პოლიტიკოს“ ცნობით, ფორმალური შეთანხმება კი 27-28 ივნისის სამიტზე იქნება მიღწეული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანდიდატების ასე სწრაფად შეთანხმება ნაწილობრივ ემანუელ მაკრონის გამო მოხდა. მაკრონი, რომელიც მიიჩნევა ევროკავშირის მოწინავე თანამდებობების საკითხზე მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ შუამავლად, ევროკავშირის არჩევნებში ულტრამემარჯვენე მეტოქესთან დამარცხდა, ამდენად ბრიუსელში მისი მომლაპარაკებელი უფლებამოსილება შემცირებულია. მისი ყურადღება ახლა ფოკუსირებულია საფრანგეთში დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებზე და არა ბრიუსელში თანამდებობების განაწილებაზე.ამასთან, „პოლიტიკოსთან“ საუბარში ევროპელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის და აშშ-ში თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების გათვალისწინებით, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, შიდა კამათი გამართოს სტაბილურობის საზიანოდ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა