ნებისმიერი ოპერაცია ნატოს გარეთ უნდა მოხდეს, უნგრეთს მიეცა გარანტიები - ორბანი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე, ურთიერთქმედების ფორმატზე შეთანხმდნენ, რათა არ დაიბლოკოს ბუდაპეშტის გადაწყვეტილებები ალიანსში უკრაინასთან დაკავშირებით.
ამასთან, ორბანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უნგრეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა განიხილეს.
უნგრეთის პრემიერის თქმით, „ყველამ იცის, რომ უნგრეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავდება ნატოს უმეტესი სახელმწიფოების პოზიციისგან“.
ორბანმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „უნგრეთს აძლევდნენ უფლებას თავისი განსხვავებული აზრი გამოეთქვა“.
„უნგრეთმა ნათლად აჩვენა, რომ არ აპირებს ნატოს შიგნით რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას. დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა ის, რომ ნებისმიერი ოპერაცია ნატოს გარეთ უნდა მოხდეს და უნგრეთს მიეცა გარანტიები, რასაც ითხოვდა“, - აცხადებს ორბანი.
შეგახსენებთ, ნატოს გენერალური მდივანი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით 12 ივნისს ეწვია.