თეგებით ძიება

უწყებრივ დონეზე, აშშ-სთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს და პარტნიორობა გრძელდება - გრიგოლ ლილუაშვილი

~ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა აშშ-ის მიერ სავიზო სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას.

ლილუაშვილის თქმით, უწყების დონეზე, საქართველოს აშშ-სთან იდეალური ურთიერთობები აქვს, პარტნიორობა გრძელდება და ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

„განცხადების შინაარსში პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ეს იყო კონფიდენციალური, შესაბამისად, ვერც მე და ვერც ვერავინ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს არის თუ არა [სანქცირებულთა] სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც განმეორდა სასამართლო ხელისუფლების წარმომდგენლების მიმართებით. ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს, ისევ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით.

მინდა გითხრათ, რომ უწყების დონეზე ჩვენ გვაქვს იდეალური ურთიერთობები , პარტნიორობა გრძელდება და ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ თანამშრომლობის ახალ საინტერესო ეტაპებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა