ვაშლიჯვარში, კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა ექსპერტიზის დასკვნით, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია - მერია
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თბილისში, ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია და საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, რომ ის საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს. ამ თემაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მობინადრეების დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალურ ინსპექციას საქმის წარმოება აქვს დაწყებული.
"ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. არის პრობლემური შენობა-ნაგებობა. საბურთალოს გამგეობამ უსაფრთხოების მიზნით პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია, გამოყვანა და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია, უზრუნველყოფა. [...] სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შევუკვეთეთ კვლევა დაჩქარებული წესით და მოვიდა უკვე დასკვნა, რომ კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია, საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, სამუშაოების ჩატარება, რომ კორპუსი იყოს უსაფრთხო", - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, სამშენებლო სუბიექტს დაევალა კვლევების და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე და შემდეგ იმისთვის, რომ კორპუსი უსაფრთხო იყოს საცხოვრებლად.
მერიის ცნობით, შპს "თორიზე" მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 12 იანვარს გაიცა, მშენებლობის დასრულების ვადად მას 2018 წლის 25 იანვარი ჰქონდა განსაზღვრული.
"მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა, შესაბამისად, ხშირი იყო ასეთი შემთხვევები", - თქვა კალაძემ.