13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. ზოოპარკში და ძაღლების თავშესაფარში სტიქიას შეეწირა 200-ზე მეტი ცხოველი, მატერიალურმა ზარალმა 50 მლნ-ს გადააჭარბა.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩახერგა, რის შემდეგაც წყლის უზარმაზარი მასა ქალაქს თავს მოულოდნელად დაატყდა. კლდის ნაშალი მასალა და მოგლეჯილი ხეები გვირაბში გაიჭედა, რამაც ტრაგედიის მასშტაბები გაზარდა.
სტიქიამ ვერეს ხეობა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა, მზიურის პარკი, გმირთა მოედანი, ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი მოიცვა. ადამიანები დაიღუპნენ როგორც ვერეს ხეობაში, ასევე ახალი გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას. სტიქიას ემსხვერპლნენ ზოოპარკის თანამშრომლებიც. ვოლიერების განადგურების შემდეგ 200-ზე მეტი ცხოველი ადგილზე დაიღუპა.