“პოლიციელების მიმართ მუქარას გუბაზ სანიკიძის კლოუნობა ვეღარ უშველის, ნუ დააგროვებს მტკიცებულებებს რითაც გასამართლება მოუწევს” - მაჭარაშვილი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძეს საარჩევნო სიაში აღარავინ ეპატიჟებდა და ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფას აყენებს.
„გუბაზ სანიკიძეს პარლამენტში როდის სძინავს და როდის ღვიძავს, ის ვერ გაიგო ხალხმა. მან საზოგადოებას ცნობილი მილიონით დაამახსოვრა თავი. შემდეგ იმით, რომ ლანძღავდა სააკაშვილს, შემდეგ ივანიშვილს, შემდეგ ყველას ერთად. შემდეგ მელიას დაეტაკა, შემდეგ სააკაშვილის წყალობით სიაში ჩახტა. როგორც ჩანს, ახლა სიაში აღარავინ ეპატიჟება და ყველას და ყველაფერს აგინებს“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ასევე გუბაზ სანიკიძის იმ განცხადებაზე, სადაც სანიკიძე ამბობს: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.
„რაც შეეხება პოლიციელების მიმართ მუქარას, ამას უკვე სანიკიძის კლოუნობა ვეღარ უშველის და ნუ დააგროვებს მტკიცებულებებს, რითაც გასამართლება მოუწევს. პოლიცია და სახელმწიფო, ეს არ არის პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ეს არის სახელმწიფო. ამიტომ ამ მიმართულებით ფრთხილად იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.