თამარაშვილისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, მოძრაობა 3 თვით იზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.
მერია ამბობს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და არსებული გვირაბის გამოყენებით.
საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით - გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით.