თეგებით ძიება
14. 06. 2024 მსოფლიო

ევროპარლამენტში ვერ მოხვდა ქართული ოცნების კიდევ ერთი მხარდამჭერი, პრორუსი მიკ უოლასი

6-9 ივნისს ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში მანდატი დაკარგა ირლანდიელმა მიკ უოლასმა, რომელიც თავის კოლეგა კლერ დეილისთან ერთად ცნობილი იყო იმით, რომ იგი მუდმივად იზიარებდა რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სირიისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების სამთავრობო პროპაგანდისტულ ნარატივებს. 11 ივნისს ასევე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო მანდატი კლერ დეილიმაც დაკარგა.

23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიკ უოლასმა, ისევე როგორც კლერ დეილიმ, რუსული კანონის განხილვის დროს ქართული ოცნების ნარატივი გაიზიარა და ის ევროპარლამენტარები გააკრიტიკა, რომლებმაც რუსული კანონის წინააღმდეგ შეხედულებები გამოთქვეს.

უოლასი და დეილი ევროპარლამენტის წევრები 2019 წელს გახდნენ, თუმცა, ისინი პოლიტიკური მოკავშირეები 2012 წლიდან არიან.

უოლასი, ისევე როგორც დეილი, ევროპარლამენტში მუდმივად ეწინააღმდეგება რეზოლუციებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რუსეთს აკრიტიკებენ. უფრო მეტიც, 2022 წლის იანვარში, როდესაც რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარისკაცების მობილიზების პროცესში იყო, უოლასმა NATO-სთან მიმართებით რუსეთის მობილიზაცია შეაფასა, როგორც "ცხადად თავდაცვითი" ქმედებები.

ამასთანავე, უოლასი NATO-ს გაუქმებას ემხრობა. მან 52 პარლამენტართან ერთად, 598-ის წინააღმდეგ,  მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის $1.2 მილიარდის სესხის გაცემას.

2022 წლის მარტში უოლასმა მხარი არ დაუჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობდა. მანვე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას უგზავნიდა.

ამასთანავე, უოლასი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთზე სანქციების დაწესებას, ხოლო 2022 წლის ნოემბერში მან მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებდა.

ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ 2021 წელს უოლასმა უარყო, რომ ჩინეთში უიღურების მასობრივი დაკავებების მტკიცებულება არსებობს და განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის შემადგენელი ნაწილია.

2018 წელს უოლასმა ასევე უარყო ცნობები, რომ სირიის მმართველმა ბაშარ ალ ასადმა ქალაქ დუმაზე თავდასხმისას ქიმიური იარაღი გამოიყენა. 2021 წელს მან გამაცხადა, რომ ასადის რეჟიმი სირიას "გენოციდური ექსტრემისტებისგან" იცავს და იგი სირიის მთავრობაზე სანქციების დაწესების მოწინააღმდეგეა.

საყურადღებოა ისიც, რომ 2022 წელს უოლასმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას "დასავლური ნეოლიბერალიზმის პაიკი" უწოდა, ხოლო ამავე წელს, როდესაც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, უოლასმა დემონსტრანტები გააკრიტიკა და ძალადობრივ ქმედებებში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა