აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება დადეს. შესაბამის დოკუმენტს იტალიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის” სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, ის ნაბიჯი უნდა გახდეს „უკრაინის ნატოში სამომავლო წევრობისადმი“ გზაზე და შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას ადასტურებს.
„უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასევე აფიქსირებს აშშ-ის ზრახვას მიაწოდოს უკრაინას გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, უსაფრთხოების, თავდაცვით-სამრეწველო, ინსტიტუციონალური და სხვა დახმარება „უკრაინული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასავითარებლად, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და მომავალი აგრესია შეაკავონ”.
უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, დოკუმენტის თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 24 საათის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კონსულტაციები ჩაატარონ და გაარკვიონ, რა დამატებით თავდაცვითი საშუალებები სჭირდება უკრაინას.
ამავდროულად, აშშ აღიარებს, რომ პოტენციურად ნებისმიერ შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლა შეუძლია, ვინაიდან დოკუმენტი კონგრესის მიერ რატიფიცირებას არ ითვალისწინებს.