რომელ ქუჩებზე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა თბილისში ხვალიდან?
მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე, ინგოროყვას ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. ავტომობილები ჩიტაძის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
მერიის ცნობითვე, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობა იწყება, რის გამოც, 15 ივნისის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მოძრაობა სრულად აიკრძალება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთაზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის გამზირამდე, ორივე მიმართულებით.
„ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლება მხოლოდ ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ამავე ქუჩაზე მოძრავ N464 მიკროავტობუსს. ასევე, ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილდებიან საჯარიმო სადგომზე და სასწრაფო დახმარების ობიექტამდე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები.
შეზღუდვის პერიოდში, თამარაშვილის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ჩოლოყაშვილის გზატკეცილისა და არსებული გვირაბის გამოყენებით. საპირისპირო მიმართულებით, გმირთა მოედნის მხრიდან თამარაშვილის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ იმავე მარშრუტით - გვირაბისა და ჩოლოყაშვილის გზატკეცილის გამოყენებით.