თეგებით ძიება
14. 06. 2024 მსოფლიო

მოვუწოდებთ პუტინს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, პუტინი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, რა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად.

„ჩვენ არ გვსურს ასეთი ქმედების ნახვა. ჩვენ არ გვინდა, ვხედავდეთ რომელიღაც ქვეყნის ლიდერს, როგორ სურს საზღვრების გადმოწევა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თუ ისურვებს, დღესვე შეუძლია არაპროვოცირებული ომის შეჩერება, რომელშიც ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა.

„მოვუწოდებთ მას, გაიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა. როგორც პუტინმა განაცხადა, „უკრაინის ჯარები უნდა გაიყვანონ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან, ხერსონიდან, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, მაშინ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე თქმით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა