რა ღირს ეროვნული ნაკრების მაისური? - საფეხბურთო ატრიბუტიკაზე მოთხოვნა გაზრდილია
ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საფეხბურთო ატრიბუტიკაზე.
ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურის ღირებულება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში 200-დან 220 ლარამდე მერყეობს, საშინაო მაისური კი 60-იდან 200 ლარამდე. შედარებით იაფია გასული სეზონების სათამაშო და ოფიციალური ფორმები. საშუალოდ, 120 ლარამდე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში ოფიციალური სათამაშო მაისურების მარაგი ამ დროისთვის ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, დღეიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშებს, თურქეთის წინააღმდეგ თამაში 18 ივნისს შედგება, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას - 26 ივნისს.