კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
„ეს ძალისხმევა დაეხმარება უკრაინას უპასუხოს რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე, შეკეთებისა და აღდგენის მხარდაჭერით, ენერგომომარაგების შეფერხებისადმი უკრაინის მდგრადობის გაუმჯობესებით და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის შეკეთებისა და გაფართოების საფუძვლის ჩაყრით“, - აცხადებენ თეთრ სახლში.
ამასთან, 379 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული თემების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესთან თანამშრომლობით, ასევე გეგმავს უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. საუბარია მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების სამაშველო ტექნიკის შეძენაზე.
ცნობისთვის, 2022 წლის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა, საერთო ჯამში, გამოყო 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების სახით და თითქმის 1.5 მილიარდი დოლარი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად.